© 2019 TBC Bank

თიბისიმ ეჯაილ ტრანსფორმაცია დაიწყო

ეჯაილი მსოფლიოს წამყვან ორგანიზაციებში ადაპტირებული მუშაობის თანამედროვე სისტემაა, რომელიც ხელს უწყობს ერთი მხრივ, თანამშრომლების პროფესიულ ზრდას, მეორე მხრივ კი საუკეთესო შედეგების მიღწევას. ეჯაილის მუშაობის პრინციპი გულისხმობს კონკრეტული პროექტის ირგვლივ სხვადასხვა კომპეტენციის თანამშრომლების გაერთიანებას, ამოცანაზე ფოკუსირებას და მეტ დამოუკიდებლობას. მუშაობის ასეთ სტილზე გადასვლისას მცირდება რუტინული საქმეები და ბიუროკრატია. თითოეულ თანამშრომელს მეტი თვითგამოვლენისა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების შესაძლებლობა ეძლევა, სამუშაო პროცესი კი უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი ხდება. 

ეჯაილ სისტემით უკვე მუშაობენ ისეთი კომპანიები, როგორებიც არიან: Amazon, Google, Netflix, Ing. თიბისი არის რეგიონში პირველი დიდი კომპანია, რომელმაც ეს სისტემა დანერგა.

ეჯაილ სტრუქტურით მუშაობა სტანდარტული იერარქიული სისტემისგან განსხვავებულია – დირექტორების, განყოფილებებისა და დეპარტამენტების ნაცვლად, შეიქმნა ლიგები, გუნდები და ლეგიონები.

ლიგები განსაზღვრავენ ბიზნეს მიმართულებებს და ისინი  ეჯაილ ორგანიზაციის ყველაზე დიდი სტრუქტურები არიან. როგორც წესი, ლიგა შედგება 50-150 ადამიანისგან და იყოფიან  გუნდებად. 

გუნდი წარმოადგენს დამოუკიდებელ თვითორგნიზებულ გუნდს, რომელიც იქმნება ერთი მიზნის მისაღწევად.  ის შედგება მაქსიმუმ  9  წევრისგან. მნიშვნელოვანია, რომ  გუნდში გაერთიანებული იყოს მიზნის მისაღწევად საჭირო ყველა კომპეტენციის მქონე წევრი. სწორედ გუნდები, ერთიანი ძალისხმევით, ქმნიან იმ ბიზნეს ღირებულებას, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ორგანიზაციის სტრატეგიული მიზნების მიღწევას. 

ლეგიონი წარმოადგენს ერთი კომპეტენციის სპეციალისტების ჯგუფს, რომელიც შედგება 5-10 წევრისგან. ლეგიონი პასუხისმგებელია კონკრეტული კომპეტენციის შექმნასა და  სტანდარტიზაციაზე.  ლეგიონის წევრობა იმავდროულად გულისხმობს რომელიმე გუნდის წევრობას. ლეგიონის მაგალითი შეიძლება იყოს  ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერების ერთიანობა. 

ეჯაილი დაგვეხმარება მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს და გავხდეთ უფრო მოქნილი, ინოვაციური კომპანია, ამავდროულად გავზარდოთ თანამშრომლების ჩართულობა და ბედნიერება ყოველდღიურ სამუშაო პროცესში.